ქუთაისის ტექნოლოგიური
ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციიდან (2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაიმართა) ერთი წლის
შემდეგ, პრემიერი კვლავ ესტუმრა ყოფილ საკანონმდებლო ორგანოს.
ახლა უკვე, თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, ირაკლი
კობახიძემ ქალაქის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები
დაათვალიერა.
მას პროექტის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.
ქვრივიშვილის განმარტებით, ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე მუშაობა
ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე
პერიმეტრზე.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე
დასრულებული, ან დასკვნით ფაზაშია - მიმდინარეობს გარე ტერიტორიის
ინფრასტრუქტურის მოწყობა, სარწყავი სისტემის და სკვერის, ბილიკების,
მწვანე საფარის და გარე განათების სამუშაოები. პროექტის თანახმად,
ასევე მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების სისტემის და საინჟინრო
კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შენობის
გარე პერიმეტრზე და ა.შ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მიმდინარეობის პროცესი
და შესრულებული სამუშაოები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული
მასშტაბის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური სივრცე იქნება.
„ტექნოლოგიური ჰაბი უნიკალური სივრცე იქნება, სადაც თავის მოიყრის
თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, იმუშავებს სასწავლო
პროგრამები - საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა. შედეგად,
საქართველოს ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სივრცე
ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციური პროდუქტების
მხარდასაჭერად. ეს იქნება რეგიონული მასშტაბის და მიზიდულობის ცენტრი,
რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური
განვითარების საქმეში“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში განთავსდება
რამდენიმე მიმართულების ლაბორატორიები, ინტერაქციული სამეცნიერო
ტექნოლოგიური მუზეუმი და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი.
ლაბორატორიებისთვის საჭირო დანადგარების, მოწყობილობებისა და
აღჭურვილობის ნაწილი უკვე დასაწყობებულია, ხოლო ნაწილი
ტრანსპორტირების პროცესშია.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო
დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა. 2024 წლის 12 ოქტომბერს,
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც
2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის
პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრთან და GITA -ს თავმჯდომარე
ავთანდილ კასრაძესთან ერთად წარადგინა. პროექტზე საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ჯიტა“ მუშაობს.
ექვს წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი
ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. 2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5
თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო
სესია თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ მმართველი გუნდი, ქალაქს,
პარლამენტის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტს ჰპირდებოდა. მათ შორის,
საპოლიციო ჰაბის და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ბოლოს კი (2022
წელს), მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შენობაში
ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდებოდა.
პარლამენტის გაუქმებით, ქუთაისისთვის სასიცოცხლო ფუნქციის წართმევას
ადგილობრივები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. აქტივისტები
სხვადასხვა პერფორმანსით ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას
ითხოვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები