ახალი ამბები
"ოცნების" ახალი დაპირება ქუთაისს - მრავალფუნქციური პარკი პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ
FaceBook
"ოცნების" მთავრობის მორიგი წინასაარჩევნო  დაპირებით, მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას "იწყებს". 

პარკი ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მოეწყობა და პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორცილებს.

მგფ-ის ინფორმაციით, ახალი პარკი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

„ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე, ვგეგმავთ 80 ჰექტრამდე ცენტრალური პარკის მოწყობას. აღნიშნულ პროექტზე კონკურსი უკვე გამოცხადებული გვაქვს, სადაც გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო დეტალურ პროექტირებას მოახდენს. გათვლილია როგორც დიდი სარეკრეაციო ზონა თავისთავად, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ქუთაისის სპორტის სასახლე. ვფიქრობთ, რომ დაიგეგმოს დიდი, სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა და თანმდევი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ასეთი დიდი ზომის პარკისთვის“ - განაცხადა მგფ-ის აღმასრულებელმა დირექტრომა ბექა ურუშაძემ.

მისივე თქმით, პროექტის მიხედვით, პარკში მოეწყობა საბავშვო სათამაშო ზონები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები. ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი სახეობების მცენარეებით.







ამასთან, პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ადგილები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, უსაფრთხოების და ვიდეო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურა.

როგორც მგფ-ში განმარტავენ, ახალი სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, "ქართული ოცნების" მთავრობა ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას.

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
Print