ახალი ამბები
"უსამართლობისადმი შეუგუებლობამ მოგვიყვანა აქ და უკვე 196 დღეა, ვდგავართ ქუჩაში"- ჭიათურაში პროტესტი გრძელდება
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც უკვე 196 დღეა, ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ ქუჩაში უსამართლობამ და კომპანიის უპასუხისმგებლობამ გამოიყვანა და არა პირადი კეთილდღეობის მოთხოვნამ.

მათივე თქმით, ეს ბრძოლა მოსაგებია, ამისთვის კი თანაქალაქელების მორალური და ფინანსური დახმარება სჭირდებათ.

"ჩვენ ქუჩაში უსამართლობამ გამოგვიყვანა. სწორედ ამ უსამართლობისადმი შეუგუებლობამ მოგვიყვანა აქ და უკვე 196 დღეა, ვდგავართ: მოვწყდით ოჯახებს, მოვაკელით მათ ყურადღება, უარი ვთქვით ყოველგვარ მატერიალურ კეთილდღეობაზე. ეს ბრძოლა მარტო ჩვენ ვერ გამოგვივიდოდა — სწორედ თქვენი მორალური, მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა გვაძლევს ძალას.

თქვენი დახმარება ჩვენთვის სიცოცხლისხელა მნიშვნელობას ატარებს. თითოეულ ჩვენგანს, ვინც ალალი გულით ათენებს და აღამებს ამ პროტესტში, შეუძლია, იგრძნოს თქვენი მხარდაჭერა. არავის თავზე საყარი არ აქვს, მაგრამ უფალი ყველას გვაძლევს ნებას, რომ მცირედი სხვასაც გავუზიაროთ. ჩვენ აქ არ ვდგავართ პირადი კეთილდღეობის გამო — ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის. #GE40BG0000000604733786",- ამბობენ მაღაროელები.

ისინი ასევე სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ 4 მაღაროელს: მერაბ სარალიძეს, აჩიკო ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძესა და თენგო გველესიანს, რომელთა საქმეზეც მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ჭიათურაში არ ჩასულა და მაღაროელების პრობლემებს უშუალოდ ადგილზე არ გაცნობია (არაერთი მოწოდების მიუხედავად) მთავრობის არც ერთი ხელმძღვანელი პირი.
Print