ჭიათურელი მაღაროელი მერაბ სარალიძე, რომელიც მეხუთე თვეა,
პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან მიმართვას ავრცელებს.
როგორც ის წერს, პროტესტის შახშობისა და დაშინების მიზნით დააკავეს და
არა მისი პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო, ამიტომ, მაღაროელებს
და თანაქალაქელებს მხარდაჭერისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„მე ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ თქვენს მხარდაჭერას. მე არ დავუკავებივარ
არავის პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო. ჩვენი ბრძოლის მიზანი
იყო მაღაროელების და მთლიანად ქალაქის კეთილდღეობა და უკეთესი
მომავალი. იმის გამო, რომ ჩვენი დაკავებით ეს პროტესტი ჩაეხშოთ და
თქვენში შიში ჩაენერგათ, მოგვიწყვეს პროვოკაცია, რის გამოც უკვე
მეხუთე თვეა, ციხეში ვზივართ.
ჩვენი თავისუფლების გასაღები თქვენს ხელშია. ამ ეტაპზე მატერიალურ
მხარდაჭერაზე მეტად მორალური მხარდაჭერაა საჭირო და მნიშვნელოვანი.
მაქვს იმის იმედი, რომ არ გაგვწირავთ უსამართლო პატიმრობისათვის,
გვაქვს თქვენი კეთილ გონიერების იმედი", - წერია მერაბ სარალიძის
მიმართვაში.
ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და
თენგო გველესიანი,
29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ,
პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის
მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა
არეში დაზიანება მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ
ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე
მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში
მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ
კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის,
ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების
მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა
4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ,
დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და
აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და
სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5
000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები