ახალი ამბები
"მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება"- რა ხდება ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში?
FaceBook
ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვრისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული.



„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება. მიწის მასა ისე ნაწილდება, რომ წყლის დონის მომატებისას თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკების წარმოქმნა. რკინიგზის დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა მდინარე ყარნებას კალაპოტი, ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამასთან, ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, პროცესში აქტიურად არიან ჩართული საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები,“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, დამეწყრილ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ხარაგაულში, მეწყერულმა მასებმა მდინარე ყარნება ჩაკეტა. მდინარის ჩაკეტვამდე, სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, მეწყერული პროცესების გააუქტიურების შესახებ ინფორმაცია ორი თვის წინ ( ივნისის ბოლოს) გავრცელდა. სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე საავტომობილო გზების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან მერიამ ქირით 30 ოჯახი გაიყვანა. ამასთან,
სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა შეისყიდა, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2025 წლის 7 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.


Print