ახალი ამბები
"სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით"- 60-მდე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება
FaceBook
60-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს იმ 7 NGO-ს, რომელთა საბანკო ანგარიშები, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ გუშინ დააყადაღა.

მათი შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI), „დემოკრატიის მცველებს“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ (GDI), „საფარს“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.

ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.

ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
Print