ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მეწყერულ ზონაში, სოფელ ღვერკსა და
ხემაღალში, კერძოდ, მდინარე ყარნებას ხეობაში, სწრაფი რეაგირების
შტაბი მუშაობს.
ისინი მდინარის ხეობაში შექმნილ მდგომარეობას სწავლობენ - მეწყერულმა
მასებმა მდინარე ნაწილობრივ ჩაკეტა.
პროცესში ასევე ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის
რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და
საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, კონტროლდება
მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული
პროცესების დინამიკა.
"შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და
დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება
მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო
გადინება.
მდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და
მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება",- აცხადებენ იმერეთის სამხარეო
ადმინიტრაციაში.
მდინარე ყარნებას ჩაკეტვამდე, სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, მეწყერული
პროცესების გააუქტიურების შესახებ ინფორმაცია ორი თვის წინ ( ივნისის
ბოლოს) გავრცელდა. სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები,
ასევე საავტომობილო გზების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო
სავარგულები.
გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან მერიამ ქირით
30 ოჯახი გაიყვანა. ამასთან,
სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესების
საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევა შეისყიდა, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2025
წლის 7 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები