ახალი ამბები
პოლიციამ, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 44 პირი დააკავა
FaceBook
შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, 44 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ხოლო, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1 417 პირი, რომელთაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკორეალიზატორია.
Print