ახალი ამბები
"სინათლე არ უნდა ჩაქრეს” - მედიის მხარდასაჭერი მარში თბილისში
FaceBook
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, - ამ ლოზუნგით, თბილისში, მედიის მხარდამჭერი მარში მოეწყო.

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მოქალაქეებმა ანთებული ფარნებით სოლიდარობა გამოუცხადეს დამოუკიდებელ ონლაინ მედიებს და რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეუერთდნენ, რომელიც 268-ე დღეა, გრძელდება.

აქციის მონაწილეების თქმით, თითოეული ნათება მოქალაქის ხმაა, რომელიც ამბობს: ქვეყანა ცოცხალია, ხალხი ფხიზლადაა, სინათლე არ ჩაქრება.

მარშის მონაწილეებმა პარლამენტთან 22 მედიაორგანიზაციის ერთობლივი ფოტოგამოფენაც იხილეს.

მარშს შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.








ონლაინმედიების ფარნების მარშს სოლიდარობა გამოუცხადეს ქუთაისში, ჩხოროწყუსა და სხვა რეგიონებში, პროევროპული აქციის მონაწილეებმა.

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ საქართველოს მასშტაბით 22 ონლაინმედიის საერთო კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხვით:

თიბისი ბანკი: #GE76TB7548536080100013

საქართველოს ბანკი: #GE06BG0000000609779465

მიმღები: „ხალხის წყარო“

კამპანიის ოფიციალური ვებგვერდი:https://sinatle.media/

"ქართულმა ოცნებამ" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის შემზღუდავი არაერთი კანონი მიიღო, რომლითაც შეუძლებელი ხდება მედიისთვის გრანტების მიღება. 

არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც ამ კამპანიაში მონაწილეობს, უცხოეთის გავლენის აგენტად არ რეგისტრირდება.
Print