ახალი ამბები
ქუთაისში, მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისში, 5 000 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება, რომლის პროექტირებისთვისაც მგფ-ი ბაზრის კვლევას აცხადებს.
პროექტის მიხედვით, სპორტის სასახლეში უნდა მოეწყოს მთავარი და სათადარიგო სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯების და დოპინგ-კონტროლის ოთახები.

ამასთან, შენობაში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების ოთახების მოწყობა. სპორტის სასახლეში განთავსდება, ასევე, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.

გარდა ამისა, ქუთაისის სპორტის სასახლის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 350 ადგილიანი ავტოსადგომის, რეკრეაციული ზონების, გზებისა და ბილიკების მოწყობა.

როგორც მგფ-ში განმარტავენ, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

"პროექტის მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რეგიონში სპორტული, შემეცნებითი და ახალგაზრდული აქტივობების ხელშეწყობა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა, ასევე, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა",- განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

დაინტერესებულმა პირებმა, ქუთაისის სპორტის სასახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდს 27 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

ქუთაისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობაზე დაპირება "ქართული ოცნების" პირველმა პირებმა, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახმოვანეს.

ამავე თემაზე:

ავტოდრომი და სპორტის სასახლე - რას ჰპირდება ქუთაისელებს "ოცნება" წინასაარჩევნოდ
Print