ახალი ამბები
15 აგვისტოდან უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
FaceBook
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.

ანუ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის. 

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან დიდმა ნაწილმა მიმართა სახელმწიფოს სერვისს და მომსახურების მიღებას უფასოდ 1 512 პირი შეძლებს.

სარჯველაძის თქმით, სხვადასხვა მიზეზით, 100-მდე ადამიანს ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, 22 აგვისტოს ჩათვლით მიმართვის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ჩაირიცხება პროგრამაში.

"ოცნების" მთავრობამ კერძო სუბიექტებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის აკრძალვის გადაწყვეტილება 2025 წლის 25 ივნისს მიიღო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.
Print