ახალი ამბები
"ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი" - მზია ამაღლობელის ადვოკატი
FaceBook
„სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი", - ასე  აფასებს გამოცემების "ნეტგაზეტისა" და "ბათუმელების" დამფძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი  მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

ადვოკატის თქმით, "ეს არის საკუთარი სახის გადარჩენის მცდელობა და ამას სამართალთან საერთო არაფერი აქვს". 

"აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში და ამ საქმეში. ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა. სინამდვილეში, ამას საერთო არაფერი აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან. 353-ე მუხლი არის წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თავდასხმა გადააკვალიფიცირეს“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

მზია ამაღლობელი განაჩენი,  ცოტა ხნის წინ, დასანქცირებულმა მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან უკანონოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს, ბრალი გადაუკვალიფიცირა და  2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7-წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები გაერთიანდნენ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

ასევე, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომაც დაიწყო.

დაპატიმრებული ჟურნალისტი 200 დღეზე მეტია პატიმრობაშია.


ამავე თემაზე:




მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება


Print