ახალი ამბები
"ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში"
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების კვლევას აგრძელებს.

სააგენტოს ცნობით, ივლისში, მათმა ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

"ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში).

სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია",- აღნიშნულია ინფორმაციაში

სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად",- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
Print