ახალი ამბები
"სწორედ რომ შერჩევითი სამართალია"- ქუთაისის სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელები პატიმრობაში დატოვა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას და აღკვეთის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ოთხივე მაღაროელი
პატიმრობაში დატოვა.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდნენ. აქ იყვნენ ის მაღაროელებიც, რომლებიც თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით, უკვე ერთი თვეა, შიმშილობენ.

"სრული უსამართლობაა, რაც სასამართლოს დარბაზში მოხდა. არ ველოდით ამას. ეს ბიჭები არ არიან კრიმინალები, ესენი არიან მშრომელი ადამიანები.

სათადარიგო გეგმას ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი, ერთს იმას ვიტყვი, რომ სანამ ეს ბიჭები გარეთ არ გამოვლენ, ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ. პირიქით, თუ აქამდე ხმას არ ვიღებდით, დღეიდან უკვე დავიწყებთ ხმის ამოღებას",- თქვა მაღაროელმა მირზა ლოლაძემ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 23 ივლისსაა ჩანიშნული.

"ამ ცხოვრებაში და უკვე ამდენი იმედგაცრუების პირობებში აღარ გვაქვს სამართლიანობის განცდა, იმედი იმისა, რომ თუნდაც 23 ივლისს, გამამართლებელი განაჩენი დადგება და სამართალი იზეიმებს არამარტო ამ 4 დაპატიმრებულის შემთხვევაში, არამედ ზოგადად ქვეყანაში. სწორედ რომ შერჩევითი სამართალია და ზუსტად ასეთი შერჩევითი სამართლით, თუკი ვინმე საქართველოში ამოიღებს ხმას, ყველას დააპატიმრებენ და ყველას მიუსჯიან უსამართლოდ იმდენს, რამდენიც ზემოთ გაეხარდებათ",- განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა (პროტესტის 141 დღე და შიმშილობის ერთი თვე), უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

Print