ახალი ამბები
გაფრთხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ -
FaceBook
"ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს", - განაცხადა კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. 

მან ამის შესახებ 15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

კალასმა განაცხადა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის გამო.

"დღეს საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ, მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს". - თქვა კალასმა.

კალასმა ისიც აღნიშნა, რომ იქნება სანქციების ახალი პაკეტი, სადაც რამდენიმე ქართველი მოსამართლის სახელიცაა. 

15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - მათ შორის, "მნიშვნელოვნად გაუარესებულ" მდგომარეობასა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხო ზომებზე.
Print