"საქართველო: მხარი დაუჭირეთ მაღაროელების პროტესტს - თავისუფლება
დაპატიმრებულ აქტივისტებს",- ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში პეტიცია
შეიქმნა.
პეტიციის ავტორი ლაბორია - საქართველოს აგრარული, ვაჭრობისა და
მრეწველობის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, რომელიც აერთიანებს
სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ დაახლოებით 4000 წევრს და იცავს მათ
უფლებებს.
"ოთხ თვეზე მეტია, ჭიათურაში მიმდინარე პროტესტი არა მხოლოდ შრომით
ექსპლუატაციას, არამედ ღრმა სისტემურ ეთიკურ კრიზისსაც ავლენს. ორ
კვირაზე მეტია, რამდენიმე მოშიმშილემ მკაცრი ზომები მიიღო, მათ შორის
მშრალი შიმშილი და პირის ამოკერვაც კი. ტარიელ მიქაცაძე და მირზა
ლოლაძე ამჟამად შიმშილობენ. სასწრაფო დახმარების სამსახურები
რამდენჯერმე გამოიძახეს, მაგრამ მოშიმშილეები მკურნალობაზე უარს
ამბობენ, არა სიჯიუტის, არამედ სასოწარკვეთილობის გამო.
ისინი აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ და მისი პარტნიორის,
„ჭიათურა მენეჯმენტის“ უგუნურ ქცევას. კომპანიამ დაიწყო მასშტაბური
რეორგანიზაცია, რომელიც არღვევს შრომის კანონმდებლობას და ძირითად
სამართლებრივ სტანდარტებს; არ გააჩნია გამჭვირვალობა, არ გააჩნია
საჯარო გეგმა და რეალური დიალოგი თანამშრომლებთან; და გამოიყენება,
როგორც შურისძიების და დისკრიმინაციის ინსტრუმენტი პროტესტის
მონაწილეთა მიმართ.
2024 წლის 1 ნოემბრიდან კომპანიამ სრულად შეაჩერა წარმოება;
კოლექტიური ხელშეკრულებების თანახმად, მუშებს კანონიერად ეკუთვნოდათ
ხელფასის 60%. ეს ვალდებულება იგნორირებული იყო. 2025 წლის 7 მარტს
კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა საწარმოს სამუდამოდ დახურვა და უარი
თქვა ყველანაირ პასუხისმგებლობაზე.
მთელ ამ სიტუაციაში სახელმწიფო ინსტიტუტები დუმან. შრომის ინსპექციის
სამსახური არ რეაგირებს დარღვევებზე; ეკონომიკის სამინისტრო უარს
ამბობს პოზიციის დაფიქსირებაზე; სასამართლო კი აჭიანურებს პროცესებს,
რაც კიდევ უფრო ამცირებს მის მიმართ ნდობას. ასეთმა დუმილმა ახლა
პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა: როდესაც სახელმწიფო არაფერს აკეთებს,
ის ნეიტრალური არ არის - ის მჩაგვრელის მხარესაა",- წერია პეტიციის
ტექსტში.
ჭიათურაში დღეს საპროტესტო აქციის 138-ე და შიმშილობის 27-ე დღეა.
მშრომელები უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი
უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას,
უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას.
მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის
გათავისუფლება.
მასალის გამოყენების პირობები