ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის საწყის ექვს თვეში,
საქართველოს აეროპორტები 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით
აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების
რაოდენობას.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო
აეროპორტი 2 358 937 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ
პერიოდთან მიმართებაში 11%-ი შეადგინა.
პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 833
512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ
პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 450 330
მგზავრი, რაც 35%-ით აღემატება 2024 წლის იანვარ-ივნისის
მაჩვენებლებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში,
საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 17 ათასამდე
საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა.
ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების
რაოდენობამ 12 857 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების
რაოდენობამ 3 874-ს მიაღწია. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში
შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (16 731)
14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული
ფრენების რაოდენობას.
"მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც
- 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების
მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.
გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები,
კერძოდ, 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო
სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა 7%-ით. სულ, იანვარ-ივნისში
139 945 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის
მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს.
ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 642 956 მგზავრი ჰყავს
გადაყვანილი.
საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი
მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე
გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 18% (642 956 მგზავრი);
Pegasus – 8% (284 984 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (272 568 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (268 959 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (222 237 მგზავრი)",- განმარტავენ
ეკონომიკის სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები