ახალი ამბები
"კომპანიის მხრიდან ისევ არ ჩანს არანაირი პასუხი, როდის ჩაირიცხება ხელფასი"- რა ხდება ჭიათურაში
FaceBook
134-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციისა და სამკვირიანი შიმშილობის მიუხედავად, მაღაროელების ბედით ისევ არავინ დაინტერესებულა.
არც ხელისუფლება, რომლის პირველ პირთან შეხვედრასაც მშრომელები თვეებია, ითხოვენ და ამ მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილიც რამდენჯერმე გაუგზავნეს და არც კომპანია, რომლისგანაც მაღაროელებს 4 თვის ხელფასი აქვთ ასაღები.

გაუცემელ ხელფასებთან დაკავშირებით, მშრომელები საწარმოს მმართველთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. როდის დაერიცხებათ მათ კუთვნილი 4 თვის ანაზღაურება, ამასთან დაკავშირებით კომპანიას არც საჯარო განცხადება გგაუვრცელებია.

"კომპანიის მხრიდან ისევ არ ჩანს არანაირი პასუხი — არც ერთი სიტყვა იმაზე, როდის ჩაირიცხება ხელფასი.
ამის საპირწონედ, არც ის ადამიანები გამოჩენილან პროტესტზე, ვინც ელოდება ამ სახელფასო დავალიანებას.

დავაკვირდეთ რეალობას: რაც უფრო ჩუმად ვართ, მით უფრო მშვიდად გრძელდება კომპანიის მხრიდან სრული იგნორი. არ შეიძლება ეს ასე გაგრძელდეს — ჩვენ რომ არ ვიმოქმედებთ, ვერაფერს მივაღწევთ.
ხალხო, გეკუთვნით ოთხი თვის ხელფასი. რატომ არ ითხოვთ? მართლა გგონიათ, რომ თუ არავინ არაფერს იტყვის, რამე შეიცვლება?

კომპანიას არსად ეჩქარება. და თუ ჩვენ არ შევაწუხებთ, არც ის შეიწუხებს თავს. ამ დუმილით ზიანდება ყველაფერი — თქვენი მატერიალური კეთილდღეობა, თქვენი ოჯახები და თითოეული ჩვენგანი, სხვა არავინ. მოსვენება არ უნდა მივცეთ!",- მიმართავენ მაღაროელები ადგილობრივებს, მათ, ვისაც კომპანიისგან 4 თვის ხელფასი აქვთ ასაღები, რომ შემოუერთდნენ პროტესტს და ერთად მოთხოვონ კომპანიას კუთვნილი ანაზღაურება. 

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

Print