ახალი ამბები
„დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს საქართველოში“ - ODIHR
FaceBook
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონმდებლობის ამოქმედების, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა, ასევე ოპოზიციური ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებების გამო.

"დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს საქართველოში, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლო დაკავებებისა და მსჯავრდადებების ფონზე. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა, რომელიც უშლის ხელს სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ქვაკუთხედია", – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.

თუმცა ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, - რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, - სადამკვირვებლო მისია გამოგზავნოს.
"[საარჩევნო პროცესის] გამჭვირვალობის [უზრუნველყოფისა] და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ODIHღ-ი კვლავ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად გამოგზავნის მოწვევას", - აცხადებს ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი.

თუმცა "ქართული ოცნების" მთავრობა სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ გეგმავს

2025 წელი არის პირველი შემთხვევა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, როდესაც არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მოუწვევიათ ეუთო/ოდირის ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია.

გავრცელებულ განცხადებაში ODIHR "სინანულს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ეუთო/ოდირი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს მიერ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული და თანმიმდევრული პრაქტიკიდან".
Print