"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ინფორმაციით, შუქრუთის მაღაროში
მოპოვებითი საქმიანობა ოქტომბრის თვეში განახლდება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჭიათურის საწარმოების რეორგანიზაციის
ფარგლებში, შუქრუთის მაღაროზე აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოები
ინტენსიურად გრძელდება.
საწარმოების მმართველის, მიხაილ სოცკის თქმით, სამუშაოების
მრავალთვიანი იძულებითი შეწყვეტის ფონზე, შუქრუთში ინფრასტრუქტურული
მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. ამიტომ, სამუშაოები შრომატევადი და
გრძელვადიანია, პროცესი კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.
"გეგმის მიხედვით, მოპოვებითი საქმიანობა შუქრუთის მაღაროში ოქტომბრის
თვეში განახლდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საწარმოების
სტაბილური ამოქმედებისა და უწყვეტი ფუნქციონირების კუთხით",-
განაცხადა სოცკიმ.
შუქრუთში პროტესტი თვეებია, გრძელდება. შუქრუთელები, "ჯორჯიან
მანგანეზს", მის მიერ მადნის მომპოვებელი სამუშაოების გამო,
საცხოვრებელი სახლების დანგრევაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები
კომპანიისგან სამართლიან კომპენსაციას მოითხოვენ, რათა ალტერნატიული
საცხოვრებელი ფართები შეიძინონ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ.
ამ მოთხოვნით მათ სოფლის ქვეშ გამავალი მაღაროს შესასვლელი ჰქონდათ
ჩაკეტილი.
მასალის გამოყენების პირობები