ახალი ამბები
"ვალდებული ხართ იზრუნოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, განურჩევლად მათი პოზიციისა" - მაღაროელები პრემიერ-მინისტრს
FaceBook
მაღაროელები, რომლებიც მეხუთე თვეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით კიდევ ერთხელ მიმართავენ.
ისინი ირაკლი კობახიძეს ახსენებენ იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რაც მას, როგორც მთავრობის მეთაურს,  ქვეყნისა და საკუთარი მოქალაქეების წინაშე აკისრია.

"ბატონო პრემიერო, გუშინ საჯაროდ მოგმართეთ სოციალური ქსელით – გთხოვდით, ჩართულიყავით ჭიათურაში შექმნილ უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში. პასუხად, თქვენ შეხვედრაზე მიიწვიეთ ბიზნესის წარმომადგენლები და არა ისინი, ვინც ამ ბიზნესს ყოველდღიურად ამუშავებს – ვინც დილიდან ღამემდე ქმნის დოვლათს, ვინც თავად წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს.

თქვენ კარგად იცით, რომ ბიზნესი, რეალურად, არის მშრომელი ადამიანი. ყველა საწარმოში, ყველა ინდუსტრიაში, ვინც ქმნის პროდუქციას, ამუშავებს ფაბრიკას, ქარხნებს, საწარმოებს – სწორედ ისინი არიან საფუძველი ეკონომიკის. მშრომელები, რომელთა წილი და ხმა ამ ქვეყანაში უგულებელყოფილია.

თუ ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ნამდვილად გსურთ, მაშინ, პირველ რიგში, სწორედ შრომითი პირობების გაუმჯობესებას უნდა მიექცეს ყურადღება – უსაფრთხოებას, ანაზღაურებას, უფლებებს და მოპყრობას. მაგრამ თქვენი მოქმედებით გვეუბნებით, რომ მათი ხმა არაა პრიორიტეტი. თითქოს საკმარისია მხოლოდ ინვესტორის ბიზნესმენის მოსმენა, და არარსებულია ის, ვინც ამ ინვესტიციას სიცოცხლით ემსახურება.

გახსოვდეთ: თქვენ ხართ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, წარმოადგენთ სახელმწიფოს. შპს „ჯორჯიან მანგანეზს”– ასე ყავს სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი. აქ სახელმწიფოს ჩარევა კი არა, მისი უშუალო პასუხისმგებლობაა ყველაფერზე, რაც დღეს ჭიათურაში ხდება. პირველ რიგში ინვესტორის და კომპანიის უპასუხისმგებლო ქმედებებზე.

ჩვენი პროტესტი დაკავებამდე ბევრად ადრე ითხოვდა სახელმწიფოს ჩართულობას. ჩვენი მიზანი არ ყოფილა დაპირისპირება. ვითხოვდით მონაწილეობას, დიალოგს, პრობლემის გადაჭრას, მაგრამ 4 ჩვენი მეგობრის და თანამებრძოლის უკანონო დაკავების შემდეგ, მათ ციხეშიც დაიწყეს შიმშილობა, ზუსტად იმ მოთხოვნით, რაც ახლა თქვენ გეკუთვნით: პრემიერ-მინისტრის ჩართულობა.

დღეს შიმშილობს შვიდი ადამიანი. სამ მათგანს პირი ამოკერილი აქვს. ორი უწყლოდ შიმშილობდა, სანამ მათი მდგომარება კრიტიკულად არ დამძიმდა. მათი მთავარი მოთხოვნა უსამართლოდ დაკავებული, ჩვენი 4 თანამებრძოლის გათავისუფლებაა. ასევე ციხეში შიმშილობს მერაბ სარალიძეც, რომლის ჯანრთელობის მდგომარეობაც დამძიმდა.

ამ ყველაფრის ფონზე, თქვენთვის პრიორიტეტი რჩება ბიზნესმენებთან შეხვედრა. ე.ი. თავად ამტკიცებთ, რომ ამ ქვეყანაში მუშა ადამიანის სიცოცხლე არც პრიორიტეტია და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ბატონო პრემიერო, თქვენ ვალდებული ხართ იზრუნოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, განურჩევლად მათი პოზიციისა. სახელმწიფოს ხელმძღვანელი ხართ და არ გაქვთ ფუფუნება, გულგრილი დარჩეთ მაშინ, როცა მოქალაქეები უკიდურეს ზომამდე მიდიან.

ჩვენი პროტესტი არ არის დესტრუქცია – ეს არის არსებობისთვის ბრძოლა, ბრძოლა ღირსებისთვის. და თუ ამ ბრძოლაში ადამიანი მზადაა, მეგობრის გამო საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს, ვერავინ დაასაბუთებს, რომ ასეთ ადამიანებს „რადიკალები“ ჰქვია.

ჩვენ არ ვითხოვთ ზედმეტს – ვითხოვთ სამართლიანობას. ვითხოვთ იმ ოთხი ადამიანის გათავისუფლებას, ვინც უბრალოდ გაბედა და ხმამაღლა თქვა: ქვეყანაში შრომის გარეშე ბიზნესი ვერ იარსებებს, ჩვენ ყველა ვეწინააღმდეგებით მიხეილ სოცკის მმართველობას საწარმოში (ეს საკითხი ცალკე კარგად შესასწავლია თქვენი მხრიდან. მაგალითად, 4 თვის სახელფასო დავალიანება აქვს გადასახდელი კომპანიას დასაქმებულებისათვისმ რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის აუცილებლობაზე).

ჩვენ არ ვიღებთ პასუხად დუმილს. დრო გადის…. სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება",- აღნიშნულია მაღაროელების წერილში. 

ჭიათურაში დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციის 128-ე და შიმშილობის 17-ე დღეა. 

მშრომელები უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. ამ დრომდე მაღაროელების პროტესტით მთავრობის არცერთი წარმომადგენელი პირადად არ დაინტერესებულა და ადგილზე არ ჩასულა. 

Print