დაპატიმრებული პოლიტიკოსების პარტიები მიხეილ ყაველაშვილის
შეთავაზებას, შეწყალების თაობაზე, არ იღებენ და უარით პასუხობენ.
მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, სთხოვონ მას
შეწყალება იმ პირობით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
მიიღებენ მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას
ჰპირდება.
"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს
განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს
საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი
განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს
შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე", - წერს მიხეილ
ყაველაშვილი ფეისბუკზე 4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მისი ეს შეთავაზება არ
მიიღეს.
"ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად
განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში
მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების
თავისუფლებით... ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ
ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის
მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და
წინააღმდეგიბაზე" - ასე უპასუხა "კოალიციამ ცვლილებისთვის" მიხეილ
ყაველაშვილის განცხადებას.
გიორგი ვაშაძის დაფუძნებული პარტია "სტრატეგია აღმაშენებლი" მიხეილ
ყაველაშვილის განცხადებას პასუხად ამბობს, რომ როგორც არ აღიარებენ
არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ აღიარებენ არალეგიტიმურ
პრეზიდენტს.
"სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი
გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის
პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ
არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება. ამიტომ ბრძოლა იქნება
ღირსებით და ბოლომდე", - აცხადებს პარტია.
"ჩვენ მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან
სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების
თავისუფლებით. ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან", -
განაცხადა პარტია "ლელოს " წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ 4
ივლისს.
კუპრაძემ თქვა, რომ მართალია, პარტიას არ აქვს შესაძლებლობა,
დაეკონტაქტონ პატიმრობაში მყოფ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი
ჯაფარიძეს, - ის მაინც ამბობს:
"ვიცი რა, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი
ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის
ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად,
თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100% მათი პოზიცია ვაცხადებ, არანაირი
შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ
მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით".
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რვა პოლიტიკოსი
ერთდროულად არის პატიმრობაში.
მათგან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია.
ყველა მათგანი დაპატიმრებულია იმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე
გამოუცხადებლობის გამო, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ.
ესენი არიან:
ნიკა მელია ("ახალი"/"კოალიცია ცვლილებისთვის")
ნიკა გვარამია ("ახალი"/"კოალიცია ცვლილებისთვის")
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ("ახალი"/"კოალიცია ცვლილებისთვის")
მამუკა ხაზარაძე ("ლელო"/"ძლიერი საქართველო")
ბადრი ჯაფარიძე ("ლელო"/"ძლიერი საქართველო")
გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"/"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობა")
ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი).
მასალის გამოყენების პირობები