ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ამერიკის
შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ის მის მოადგილე იუზა უგულავასა და მერიის საფინანსო პოლიტიკისა და
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელ დავით ნიშნიანიძესთან,
ასევე საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ისა და კანადის
ფინანსისტთა ასოციაციის 119-ე ყრილობის მუშაობაში მონაწილეობს.
ყრილობა ქალაქ ვაშინგტონში იმართება.
როგორც მერიის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ყრილობაზე ასევე
იმყოფებიან იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების მერებიც, საფინანსო
სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ვიზიტის
ფარგლებში გაეცნობა აშშ–სა და კანადის თვითმმართველობებში საბიუჯეტო
სახსრების მართვის ეფექტურობის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა
კონტროლის კუთხით გატარებულ სხვადასხვა რეფორმებს.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ქალაქებისა და
თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან, ასევე, ნიუ-იორკის მერიის
მაღალი თანამდებობის პირებთან.
აშშ-სა და კანადის მთავრობის, სახელმწიფო ფინანსების ოფიცერთა
ასოციაცია, რომელიც 25 000-ზე მეტი წევრისგან შედგება, მასშტაბურ
კონფერენციას ყოველწლიურად მართავს. კონფერენციის მიზანია, ასოციაციის
წევრებისთვის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში
განხორციელება.
კონფერენცია ვაშინგტონში სამდღიან პანელურ დისკუსიებს და
პრეზენტაციებს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები