პარლამენტმა 1-ლი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „სისხლის
სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელიც მარიხუანასა და მცენარე
კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის
პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის
განცხადებით, „სისხლის სამართლის კოდექსიდან“ ამოღებული იქნება ის
მუხლი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენას,
შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას არეგულირებს, გამომდინარე
იქიდან, რომ ეს მუხლი მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე,
მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე
შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული
წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება
გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში -
10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში - 5
გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 10
გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას.
არჩილ გორდულაძის თქმით, გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული
მარიხუანასა და მცენარე კანაფის კულტივაცია და რეალიზაციასთან
დაკავშირებითაც.
„ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების უკანონო რეალიზაციაში ხელშეწყობა ზუსტად იმავე წესით
დაისჯება, როგორც რეალიზაციისთვის. ეს ცვლილება ე.წ.დამდებებზე
გავრცელდება, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში
ნარკოტიკულ საშუალებებს დებენ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები