ახალი ამბები
"როცა უსამართლობას ვერ სჯაბნი, იძულებული ხარ, ჯანმრთელობით გარისკო"- ჭიათურაში კიდევ ორმა ადამიანმა პირი ამოიკერა
FaceBook

ჭიათურაში, კიდევ ორმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.


ქალაქში ამდროისთვის შვიდი ადამიანი შიმშილობს. აქედან, სამ მათგანს: მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძესა და შავლეგ გოგსაძეს პირი აქვს ამოკერილი.

საკვების მიღებაზე ასევე უარს აცხადებს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე და მერაბ სარალიძე, რომელიც საპატიმროში შიმშილობს.

აღსანიშნავია, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფი დახმარების გამოძახებასა და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე.

"ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი - იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო. პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება",- ამბობენ მშრომელები.

ჭიათურაში დღეს პროტესტის 125-ე და შიმშილობის მე-14 დღეა.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

Print