ახალი ამბები
ვანის სოფელ სულორში ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტში, შპს „ბ.პ.ჰესის“ 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - სულორის ჰესების კასკადის პროექტის სკოპინგის დასკვნა გაუქმდა.
როგორც პროექტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ბრძანებაში ვკითხულობთ, ჰესის პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან 2022 წელს გაცემული დასკვნიდან 3 წლის განმავლობაში კომპანიამ ვერ მიიღო საბოლოო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

"ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – სულორის ჰესების კასკადის (სულორი 1 ჰესი და სულორი 2 ჰესი) მშენებლობა-ექსპლუატაციასა და 35 კვ ეგ-ის გაყვანის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესანებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ივნისის №149/ ბრძანება;

ბრძანება დაუყოვნებლივ გაეგზავნოს შპს „ბ. პ. ჰესს“ და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს; ძალაში შევიდეს შპს „ზ. პ. ჰესის“ მიერ ამ ბრძანების გაცნობისთანავე",- ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხელს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი აწერს.

ამავე ბრძანების მიხედვით, კომპანიას ერთი თვე აქვს, იმისთვის რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.




"ნუ გადაგვიჭრით ფესვებს", "არა სულორი ჰესს", "არა ჰესის მშენებლობას" - ამ სლოგანით ვანის სოფელ სულორში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივები, სოფელ სულორში, 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - „სულორი ჰესის“ მშენებლობას თვეების განმავლობაში აპროტესტებენ. ისინი ამბობდნენ, რომ ჰესის აშენების შედეგად, სოფელს ეკოლოგიური პრობლემები ემუქრებოდა. 

არსებული ინფორმაციით, სულორში ჰესს ვანის საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, ბიჭიკო პაიკიძის, დედის კომპანია აშენებდა.


ამავე თემაზე:

"არა ჰესის მშენებლობას" - ვანში, სოფელ სულორში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Print