ახალი ამბები
"საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურით აღჭურვა მიმდინარეობს"- გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება
FaceBook
2025 წლის გამოცდების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვის ბოლო სამუშაოები.

მათივე ცნობით, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე  და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი საგამოცდო ცენტრებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. ისინი ქალაქ გორის, ოზურგეთის, ბათუმისა და ხულოს შემდეგ ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში იმყოფებოდნენ. 

"ცენტრების მზადება გამოცდებისათვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 24-ვე საგამოცდო ცენტრი 3 ივლისს აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაში იქნება",- განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.

2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
Print
თეგები: #გამოცდები 2025