რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, "ჭიათურაში" მაღაროელებმა
დამოუკიდებელი პროფკავშირი შექმნეს.
მშრომელების თქმით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად
დაარეგისტრირა "მებიგეთა, არხისმჭრელთა, მბურღავთა, მემანქანეთა და
მწონავთა პროფესიული კავშირი".
მაღაროელები ამბობენ, რომ ეს იქნება მშრომელების ინტერესზე
ორიენტირებული დამოუკიდებელი პროფკავშირი, პროფკავშირული ბრძოლის
დასაწყისი.
"დღევანდელ დღეს რაღაც უკეთესი ნაბიჯი გადაიდგა იმ მხრივ, რომ ამ ხნის
განმავლობაში, თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, ექვსჯერ ვცადეთ
დამოუკიდებელი პროფკავშირების
დარეგისტრირება, ჩვენს მეგობრებთან, კეთილ ადამიანებთან,
პროფესიონალებთან ერთად და არ დაგვირეგისტრირეს. შემდეგ სარჩელი
შევიტანეთ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ და მოულოდნელად, დღეს, მოხდა
ისე, რომ ჭიათურას ჰყავს დამოუკიდებელი პროფკავშირები.
მინდა მოგილოცოთ ყველა მშრომელ ადამიანს, ჭიათურის მძიმე საწარმოში
დასაქმებულს და არა მარტო ჭიათურაში დასაქმებულს, ჭიათურა თუ რამე
წარმატებას მიაღწევს შრომის ფრონტზე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს
ნებისმიერ ქალაქს (ტყიბულია, ზესტაფონია, რუსთავია თუ ა.შ), ყველა
მრეწველობას და ყველა მშრომელ ადამიანს აქვს შანსი, ჭიათურის ბრძოლის
კვალზე წარმატებებს მიაღწიონ",- განმარტა მაღაროელმა ტარიელ
მიქაცაძემ.
ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 118-ე და შიმშილობის მე-7
დღეა.
მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024
წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა.
მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის
მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას
მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ
კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა
გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი
განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და
პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის"
დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა
უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ
ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი
ხვდება.
ამის მიუხედავად ჭიათურელი მაღაროელები ბრძოლას აგრძელებენ - უკვე
მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი
უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას,
უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას.
მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის
გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული
თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი
წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან
ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი
ხელმოწერა შეგროვდა.
მასალის გამოყენების პირობები