ახალი ამბები
ქუთაისში, სამხედრო ყაზარმას ყოფილი შენობა აუქციონზე 6 მლნ ლარად იყიდება
FaceBook
ქუთაისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელიც წლებია მიტოვებულია, 6 მილიონ ლარად იყიდება.
საუბარია სამხედრო ყაზარმას ყოფილ შენობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

გრიგოლ ხანძთელის ქუჩა №21ა-ში მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზებისათვის აუქციონი 17 ივნისს გამოცხადდა და 2 ივლისს დასრულდება.

აუქციონის განმარტებითი ინფორმაციის მიხედვით, მიწის საერთო ფართობი 10827 კვ.მ-ია, პრივატიზების საწყისი ფასი კი 6 196 000 ლარს შეადგენს.

"უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (ყოფილი ე. წ. ყაზარმა; კლუბის შენობა „კოლიზეუმი“). ძეგლებთან მიმართებაში აუცილებელია დაცული იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და მოთხოვნები. კერძოდ, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ტიპები და სახეები დადგენილია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თაობაზეც საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ იმსჯელებს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო",- აღნიშნულია აუქციონის განმარტებით ინფორმაციაში.

ხანძთელის ქუჩაზე მდებარე შენობა 1860 წელს აშენდა. იგი ყოველთვის სამხედრო უწყებებს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნეში აქ იდგა ბესარაბიის, ტირასპოლის პოლკები, ასევე, ქართული ბატალიონიც - ძირითადად კავალერია. სამხედროების ცხენებს ყაზარმის პირველი სართული ეთმობოდა.

შენობა საბჭოთა კავშირთან ერთად დაინგრა, საქართველოდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კი, დიდთოვლობამ ზიანი მიაყენა და საბოლოოდ ჩამოანგრია. ამის შემდეგ არც აღდგენილა. თითქმის 30 წელია, შენობას არ შეხებია მშენებლისა და რესტავრატორის ხელი. ამ დროისთვის შენობა ამორტიზებულია და ანტისანიტარიის კერად არის გადაქცეული. 

ამავე თემაზე:

მიტოვებული "ყაზარმა" და ადამიანები (ფოტო/ვიდეო)




Print