ახალი ამბები
ოთხი მოშიმშილე, ერთი პირამოკერილი - ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება
FaceBook

ოთხი მოშიმშილე, მათ შორის  ერთი პირამოკერილი მშრომელი  - ასეთი ვითარებაა დღეს ჭიათურაში, სადაც მაღაროელები 116-ე დღეა, უწყვეტ აქციებს მართავენ.


ქალაქში უკვე მეხუთე დღეა, 4  ადამიანი შიმშილობს, აქედან ერთმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

საკვების მიღებაზე უარს ამბობს მერაბ სარალიძეც, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია, ციხეშია.

პროტესტის მონაწილეების და მოშიმშილეების მოთხოვნა ერთადერთია: გაათავისუფლონ ჭიათურაში დაკავებული 4 თანამებრძოლი. მაღაროელების თქმით, ამ მოთხოვნის შესრულებამდე მათი პროტესტი არ შეწყდება.

"შიმშილობის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა: ბიჭების გათავისუფლება პატიმრობიდან. მანამდე არ შეწყდება არც შიმშილობა, არც პროტესტი, პირიქით ბევრად მასიურ ფარგლებში გადავა. ამავდროულად, არც დასაქმებულების მდგომარეობაა მისაღები: არ არსებობს შრომითი კონტრაქტები, არ არის გარანტიები, არ არის დაცული ღირსეული პირობები. ამასთან, კომპანიას სამთვიანი სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი და მაინც, ამ პირობებში აღდგა მუშა პროცესი?",- ამბობენ მაღაროელები.

12 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 ივლისს არის ჩანიშნული.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.

Print