გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, თბილისში გამართულ
საერთაშორისო კონფერენციაზე, 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში
წარადგინა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის
მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის
პროექტს, გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი
გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს და კათედრალის სტრუქტურულ
კვლევას და მონიტორინგს, გელათის მონასტრის ტერიტორიის გეოლოგიის,
სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურის კონსერვაციის, გელათის
ღმრთისმშობლის ტაძრის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის და
მოზაიკის საკითხებს, გელათის მონასტრის გენერალურ გეგმას.
კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო
ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, გელათის
რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ, მეუფე შიომ (მუჯირი),
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ეროვნული მუზეუმის
გენერალურმა დირექტორმა, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანმა დავით
ლორთქიფანიძემ, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანმა გერჰარდ
ვოლფმა და კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა
საბჭოს სხვა წარმომადგენლებმა.
„იუნესკო-ს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მსოფლიო მემკვიდრეობის
კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი, რაც ივლისში იქნება განხილული.
დოკუმენტში, გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის შესახებ,
აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ძეგლის
კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების მიმართულებით სრულად
იხელმძღვანელოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის საკონსულტაციო მისიის
რეკომენდაციებით. მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო
საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მეპატრონეს. სირთულე ბევრი
იყო. ახლა ვხედავთ, რომ მხარეთა კარგი თანამშრომლობა ქმნის სრულიად
ახალ გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით. ჩვენი
საქმიანობა დიდწილად ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის
შენარჩუნებაზე მოდის. ეს არის ჩვენი იდენტობის, კულტურის
განმსაზღვრელი. ჩემთვის, როგორც კულტურის მინისტრისთვის,
მნიშვნელოვანია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის
მოდელი დავნერგოთ სხვა ძეგლებთან მიმართებაშიც.
ვიმედოვნებ, რომ ერთად ვნახავთ აღდგენილ გელათს. ეს საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ახალი სიტყვა იქნება და
მსოფლიოს უნდა ვუთხრათ - ჩვენ უდიდესი მემკვიდრეობით მოვდივართ,
ქრისტიანობაზე დაფუძნებული უძველესი ევროპული კულტურა ვართ“, -
განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა,
მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში
წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური
ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა
აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა
მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა.
ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.
გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ
კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა. 2024 წლის
მარტში კი გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო,
სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საქართველოს
ფინანსთა სამინისტრომ 7 მილიონ 500 000 ლარი გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები