პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე
საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემთხვევაში,
დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი
მიადგა, ზიანის ახალი წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.
"ქართული ოცნების" კანონპროექტს პირველი მოსმენით - პრინციპების
დონეზე განიხილავენ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარი სიახლე გახლავთ ის, რომ
დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით
გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა,
მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების
შესაძლებლობა ექნება. კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც
დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც
დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ
პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების
ფარგლებში.
ცვლილებების ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ
გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა
ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე
ტაბატაძის, გურამ მაჭარაშვილისა და აკაკი ალადაშვილი არიან.
ცვლილებები შედის "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში",
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ", "სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ", "დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
საქართველოს კანონში " და "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან
გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" საქართველოს
კანონში ".
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების
დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩადენილია "სისხლის სამართლის
კოდექსის": - 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის
მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ"
ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 181-ე
მუხლის "გ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით,
183-ე მუხლით, 185-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე
მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594
მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის
აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.
საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე,
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის
გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად
მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება - 6 წელი, მძიმე
დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16
წელი.
მასალის გამოყენების პირობები