ახალი ამბები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო კონფერენცია თბილისში გაიმართება
FaceBook
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო კონფერენცია თბილისში გაიმართება.

სამინისტროს ცნობით, კონფერენციამდე კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

"სამონასტრო კომპლექსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე, ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ფლორენციაში, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანი გერჰარდ ვოლფი და კომიტეტის წევრები.

ბექა დავითულიანმა და დავით ლორთქიფანიძემ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული სამეცნიერო ლაბორატორიაც დაათვალიერეს.

ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ფაქტობრივ მდგომარეობას მინისტრის მოადგილე გელათის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოების წევრებთან ერთად გაეცნო",- აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში. 

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა. 2024 წლის მარტში კი გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 7 მილიონ 500 000 ლარი გამოყო.
Print