ახალი ამბები
ანტიკორუფციულმა ბიურომ 7 სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
FaceBook

ანტიკორუფციულმა ბიურომ 7 ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო და ის სასამართლოსგან ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას ითხოვს.


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სასამარათლო გადაწყვეტილებები უკვე ჩაბარდათ.

საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე“, „საფარზე“, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდზე”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრზე", “საქართველოს მომავლის აკადემიაზე", “მედიის განვითარების ფონდსა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრზე”.

აღნიშნულ ორგანიზაციებს სასამართლო გადაწყვეტილებები 2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდისთვის შეუზღუდავი მოცულობის სამართლებრივი, პერსონალური, ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის წარდგენას ავალდებულებს.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო ავტორიტარული კანონების გამოყენება და მათ თვითნებურ და მასშტაბურ შემოწმებას იწყებს, რაც ორგანიზაციების შიდა ავტონომიაში უხეში ჩარევისა და გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრებისა და თანასწორობის უფლებების უხეში დარღვევის ფორმებს იღებს.

" ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის, ისევე, როგორც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პირველადი ანალიზიც კი აჩვენებს, რომ დაწყებული სამართლებრივი პროცედურები “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ავტორიტარული კანონების პირობებშიც კი აშკარად უკანონო და თვითნებურია და კონსტიტუციისა და საერთაშორისო კონვენციებით დაცული გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევას წარმოადგენს. ამ პროცესებს საბოლოოდ შესაძლოა, დამანგრეველი ზეგავლენა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე და დაასუსტებს ჩვენს უფლებადაცვით, ანალიტიკურ და სოციალურ მუშაობას, რომელსაც უკვე მრავალი წელია ჩვენს ქვეყანაში ვეწევით.

წარდგენილ შუამდგომლობაში ანტიკორუფციული ბიურო არ განმარტავს და არ ასაბუთებს იმას, თუ რატომ ითხოვს ინფორმაციას სწორედ 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში და როგორ საბუთდება თითოეული ინფორმაციის, განსაკუთრებით ბენეფიციარების შესახებ დაცული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გაცემის საჭიროება და მიზნობრიობა.

სასამართლოს ბრძანებების ანალიზი აჩვენებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად დაუსაბუთებელი და პრობლემურია კანონისა და ადამიანის უფლებების გადმოსახედიდან. სასამართლოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შემოწმების საფუძვლები ძალიან ფართოა და ზოგადი და გაერთიანების თავისუფლებაში თვითნებური ჩარევის რისკებს წარმოშობს. აღნიშნული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კონტროლსა და დასჯაზე მიმართული ავტორიტარული კანონების ამოქმედება, რომელსაც ჩვენს საქმიანობაზე დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლია",- განმარტავენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. 

ისინი ამბობენ რომ ბრძოლას და ადამიანების უფლებების დაცვას გააგრძელებენ. 

 

Print