ახალი ამბები
ატესტატების გაცემა 23 ივნისიდან დაიწყება
FaceBook
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას 23 ივნისიდან იწყებს.

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

სააგენტოს ინფორმაციით, ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - მშობელმა.

" 31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან - my.gov.ge-დან ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.

რაც შეეხება საბაზო (მე-9 კლასი) ზოგადი განათლების ატესტატს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების პირველადი ატესტატი გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც 2025 წლის მარტში, ექსტერნატის ფორმით დაძლია საფეხური და მოიპოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება",- აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
Print
თეგები: #ატესტატი