ახალი ამბები
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა გამოსაცდელებს დღეიდან შეუძლიათ
FaceBook
2025 წლის გამოცდებისთვის, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 20 ივნისიდან, უკვე შესაძლებელია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ბარათების შესახებ გამოსაცდელებს რჩევებს აძლევს:

"საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე;

დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);

საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;

შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით",- განმარტავენ საგამოცდო ცენტრში. 

2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
Print