ახალი ამბები
ვანის, ბაღდათისა და ქობულეთისთვის გეოლოგიური საფრთხეების დეტალური რუკები მომზადდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ რუკებს მოამზადებს.
აღნიშნულის თაობაზე სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის შეთანხმება უკვე გაფორმდა.

შეთანხმება სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სამი მაღალი რისკის მქონე მუნიციპალიტეტისათვის - ვანის, ბაღდათისა და ქობულეთისთვის - გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი) დეტალური რუკების შედგენას ითვალისწინებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამუშაო პროცესში განახლდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, მოხდება მეწყრების დეტალური აღწერა და მომზადდება საფრთხეების ზონირების რუკები.

"აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის მსგავსი მასშტაბის რუკები პირველად მზადდება და მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, შესაბამისი დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებისთვის.

პროექტის ფარგლებში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები საფონდო (ისტორიული) მასალების დამუშავების შემდეგ, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გეოდინამიკური კუთხით არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და საჭირო ინფორმაციას შეაგროვებენ", - განმარტავენ სააგენტოში.

აღნიშნული პროექტი „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. მათივე ცნობით, პროგრამა საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით ხორციელდება.

Print