ახალი ამბები
2025 წლის გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები ქუთაისსა და კიდევ 11 ქალაქში გაიხსნება
FaceBook
2025 წლის გამოცდებისთვის, საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გაიხსნება.

როგორც naec.ge-ში განმარტავენ, ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას. 

მათივე ცნობით, ცენტრმა უკვე უზრუნველყო საგამოცდო ტესტების აპრობაცია, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის მოსამზადებელი ტრენინგებისა და ტესტირების ჩატარება.

"ამჟამად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით მიმდინარეობს პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, დამხმარე მასალების (რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის) ბეჭდვა-დახარისხება, ასევე საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. დასრულების ეტაპზეა ლეპტოპებში სპეციალური პროგრამის ჩაწერა. დასასრულს უახლოვდება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაცია და ანალიზი სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე, მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე",- განმარტავენ საგამოცდო ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის უახლოეს მომავალში დაიგეგმება კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც სრულად საგამოცდო პროცესსა და წესებს შეეხება.

2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
Print
თეგები: #გამოცდები 2025