ახალი ამბები
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება
FaceBook
საქართველოში უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

შესაბამისი ინფორმაცია ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ოცნების" მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდება, ხოლო მისი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობას გადაეცემა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში მითითებულია, რომ  საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მმართველობის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აღმასრულებელ დონეზე ეფექტიანად მართვას.

საბჭოს გაუქმების შემდეგ შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის პროცესს უზრუნველყოფს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს თავად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი დონის ორგანოა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. მანამდე იყო ეროვნული უშიშროების საბჭო.
Print