პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ.
ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
იუწყება.
მათი ინფორმაციით იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა მათი მოთხოვნა
პატიმრებს გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვის შესახებ.
პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახალხო
დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს და
მოითხოვა, შემოწმების დროს სრული გაშიშვლების აკრძალვა.
საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელში სადავოდ იყო გამხდარი №2, №3,
№6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების
დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის
მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს. კერძოდ, სადავო
ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული
ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად
გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.
"საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ
მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა
შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული
შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად
გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო
დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული", - აცხადებენ
ომბუდსმენის აპარატში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ,
სამინისტრომ სასამართლოს 11 ივნისს აცნობა, რომ ეს პრაქტიკა 10
ივნისიდან შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები