ახალი ამბები
ქუთაისის სასამართლოებმა, შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, უწყებას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

სასამართლოში შშმ პირის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, მოსარჩელის მოთხოვნები პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის და გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სრულად დააკმაყოფილა. ამასთან, მოსარჩელე აღდგა იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამატებით დადგინდა ამ პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტიც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული, ერთი მხრივ, გამოიხატა სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში ეტლით მოსარგებლე და მხედველობის პრობლემის მქონე შშმ პირების მიმართ კვალიფიკაციის შეფასების განსხვავებული კრიტერიუმების, ხოლო, მეორე მხრივ, მხედველობის პრობლემის მქონე შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პირების მიმართ ერთნაირი კრიტერიუმების დადგენაში, რამაც საბოლოო ჯამში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია.

მოცემულ შემთხვევაში მხედველობის პრობლემების მქონე პირებს ესაჭიროებათ ტესტირებისაგან გათავისუფლება, ვინაიდან მოსარჩელეს მხედველობის პრობლემები ჰქონდა, მისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა წერითი გამოცდის ჩაბარება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებაზე მოსარჩელემ ყველა შეკითხვას კვალიფიციურად უპასუხა და შესაბამისად, შეფასდა კარგ თანამშრომლად, ძირითადი აქცენტი მაინც მოსარჩელის მხედველობის პრობლემაზე გამახვილდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან (ეტლით მოსარგებლე შშმ დასაქმებულებთან, რომლებიც უწყებამ გაათავისუფლა შეფასების წერითი კომპონენტის ვალდებულებისგან) შედარებით მოსარჩელის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, ასევე, არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი (მხედველობის პრობლემის მქონე და არმქონე) მოსარჩელისა და სხვა დასაქმებულების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდაც დააკისრა",- განმარტავენ საიაში.
Print