ახალი ამბები
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ“ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს
FaceBook
"ქართულ ოცნებას" 15 აპრილს მიღებულ ე.წ. გრანტების კანონში, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა, ცვლილებები შეაქვს.

კერძოდ, გრანტის ცნების ჩანაწერი კიდევ მეტად ზუსტდება - გრანტად იქნება მიჩნეული ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია.

აღნიშნულის შესახებ "ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა.

ჭეიშვილის ინფორმაციით, ცვლილებები გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან დაკავშირებით იქნება და ის ჰუმანიტარულ სფეროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება. მისივე თქმით, ასევე კანონით დაზუსტდება გრანტის გამცემი სუბიექტების ნუსხა და მკაფიოდ მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი ფინანსური სახსრები შეიძლება გრანტად იქნას მიჩნეულნი.

“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.
კანონპროექტი დაჩქარებული სახით განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთ კვირაში მიღებაა შესაძლებელი.

ამასთან, “ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. 
Print