ახალი ამბები
100 დღეზე მეტი ქუჩაში - ჭიათურაში, მაღაროელების პროტესტი გრძელდება
FaceBook
ჭიათურაში მაღაროელები უკვე 100 დღეზე მეტია, ქუჩაში არიან და სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით, პროტესტს აგრძელებენ.

მათ სამი თვის ხელფასი აქვთ ასაღები, ვერ იხდიან საბანკო ვალდებულებებს და მძიმე სოციალურ პირობებში არიან. თუმცა, ამის მიუხედავად, ამბობენ, რომ ბრძოლას მანამ გააგრძელებენ, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

"102 დღეა, პროტესტი გრძელდება. ხელფასები ჯერ კიდევ არ ჩარიცხულა. განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც აპროტეტებს და არ გადის სამსახურში (ვიდრე ბიჭები არ გათავისუფლდებიან). საბანკო ვალდებულებებს ვერ იხდის ხალხი, რაც შეეხება თავის გატანას, ჩვენი, ჭიათურის მშრომელთა კავშირის ანგარიში გვაქვს და შესაძლებლობის ფარგლებში, პური იქნება თუ სხვა რამ, გაგვაქვს თავი კარვებში",- ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.

მშრომლები ახლა მათი თანამებრძოლების გათავისუფლებას ელოდებიან. ამბობენ, რომ დაკავებული 4 მაღაროელის ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჭიათურაში პროტესტი 4 თვეზე მეტია გრძელდება. მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

სოცკსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ. კომპანია მშრომელების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. მაღაროელებს არც მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ხვდება.


ამავე თემაზე:

"გულხელდაკრეფილი აქ არავინ ზის, ვმუშაობთ წინდახედულად ნებისმიერი სცენარისთვის"- მაღაროელების პროტესტი გრძელდება

"ვართ კარავში, ვართ ისევ მოლოდინში"- ჭიათურაში პროტესტი 98 დღეა, გრძელდება

"5 000 ჭიათურელი აწერს ხელს და მოითხოვს თანამოქალაქეების გათავისუფლებას პატიმრობიდან"- მაღაროელები

4 თვეზე მეტი ქუჩაში - ჭიათურელი მაღაროელების ბრძოლა გრძელდება

"ის უნდობლობა, რაც გვქონდა კომპანიის მიმართ, უფრო მყარდება და ცხადი ხდება"- პროტესტის 89-ე დღე ჭიათურაში

Print