ახალი ამბები
"ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანდა ტენტის ზედა ფენა"- გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
FaceBook

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის გუმბათზე, ძლიერი ქარის შედეგად, ტენტის ზედა ფენა დაზიანდა.


ამის შესახებ ინფორმაციას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ავრცელეს. მათივე ცნობით, დაზიანეული მესამე ფენა ტენტი უკვე ჩანაცვლდა ახალი საფარით.

"გელათის მთავარ ტაძარზე გუმბათის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოების ფარგლებში, საინჟინრო საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით მოიხსნა ჯვარი, ხოლო მისი ძირი გადაიფარა დამცავი ტენტის სამი ფენით, რათა გადაზღვეული ყოფილიყო ყველა შესაძლო რისკი, ვიდრე არ დასრულდება გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოები. 2025 წლის 30 მაისის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ტენტის ზედა (მესამე) ფენა (იხილეთ დრონიდან გადაღებული ფოტო), თუმცა მის ქვემოთ განთავსებული ორი მთავარი დამცავი ფენა სრულად ასრულებს თავის ფუნქციას და ატმოსფერული ნალექების შეღწევის საფრთხე ტაძარს არ შექმნია.

იქიდან გამომდინარე, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი უწყვეტად ახორციელებს მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესების უწყვეტ მონიტორინგს, ძლიერი ქარის დროს, მყისიერად დაიგეგმა გადაუდებელი ღონისძიებები და  ზემოაღნიშნული დაზიანებული მესამე ფენა ტენტი უკვე ჩანაცვლდა ახალი საფარით", - აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.



გელათის რეაბილიაციის დროებით კომიტეტში ირწმუნებიან, რომ მონასტრის რეაბილიტაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, სათანადო მეთვალყურეობისა და ხარისხის უზრუნველყოფით.

"მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კვლავ შეინიშნება პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოვლენები შეაფასოს სრული სურათისა და ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფოტო-ფრაგმენტების ინტერპრეტაციით. გელათის მონასტრის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროცესია, რომელიც იმსახურებს პროფესიულ მხარდაჭერას და სანდო კომუნიკაციას",- აღნიშნულია განცხადებაში. 

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა. 2024 წლის მარტში კი გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 7 მილიონ 500 000 ლარი გამოყო.


 

Print