ახალი ამბები
"ის უნდობლობა, რაც გვქონდა კომპანიის მიმართ, უფრო მყარდება და ცხადი ხდება"- პროტესტის 89-ე დღე ჭიათურაში
FaceBook
ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც 89-ე დღეა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, კომპანიის ხელმძღვანელობისგან მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე პასუხები ისევ არ მიუღიათ.

მეტიც, როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე განმარტავს, გუშინ, 26 მაისს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადმინისტრაციას უნდა შეხვედროდნენ, თუმცა არც ეს შეხვედრა შემდგარა.

"ჩვენ დაგეგმილი გვქონდა გუშინდელი დღის შეხვედრა იურისტებთან ერთად. კონკრეტული პასუხებით უნდა დაბრუნებულიყო კომპანია, თუ რას უპირებს სამ საწარმოს, რომლის გასხვისებასაც აპირებს (ორი საწარმო ადგილობრივ მერიას უნდა გადასცეს, ერთი საწარმო კი უნდა გაიყიდოს). ასევე უნდა მიგვეღო პასუხები, რეორგანიზაცია ვის ეხება და ვის არა; რა პირობებში და რა უფლებებით უწევთ მუშაობის გაგრძელება კომპანიაში დასაქმებულებს, მაგრამ შეხვედრა არ ყოფილა და არც პასუხები დაგვბრუნებია. შესაბამისად, ის უნდობლობა, რაც გვქონდა კომპანიის მისამართით, კიდევ უფრო მყარდება და ცხადი ხდება",- განმარტა ტარიელ მიქაცაძემ.

მისივე თქმით, მშრომელები კომპანიისგან სამი თვის ხელფასის დარიცხვას ელოდებიან.

"იმ ხალხისთვის, ვინც ხელი მოაწერა და არიან დასაქმებულები (ნაწილი გამოცხადდა სამსახურში, ნაწილი კი სახლში დასვეს და უთხრეს, რომ ჯერ არ სჭირდებათ და შემდეგ დაუკავშირდებიან), კომპანიას ხელფასი არ დაურიცხია. დაურიცხა მხოლოდ იმ ადამიანების ნაწილს, ვინც უშუალოდ მუშა პროცესშია ჩართული (ამ შემთხვევაში იგულისხმება მღვიმევის მაღაროს დასაქმებულების ის ნაწილი, რომელიც ახლა მუშაობს და ეს არის ძალიან ცოტა რაოდენობა). ამით უნდა კომპანიამ აჩვენოს, რომ "ვინც ჩემთან იმუშავებს, იმას მივცემ". კუთვნილ მარტის თვის ხელფასზეა საუბარი, არადა 3 თვე გვეკუთვნის კომპანიისგან ხელფასი. ხალხს ამუშავებენ მაისის თვეში და მარტის თვის უხდებათ სახვეწარი, აი, ეს არის უბედურება",- განმარტავს ტარიელ მიქაცაძე.

მისივე განცხადებით, ჭიათურაში მშრომელები პროტესტს კვლავ აგრძელებენ: "მყარად ვართ ერთ პოზიციაზე, ვინც აქ ვდგავართ, რომ ვიდრე ბიჭებს არ გამოუშვებენ და არ იქნება ჩვენთვის საინტერესო ეს ხელშეკრულება, მანამდე ხელს არ მოვაწერთ და არ გავალთ სამსახურში",- ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.


Print