ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალისთვის, "გემო-ფესტ 2025"-სთვის
ემზადებიან.
ფესტივალი 14-15 ივნისს, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ჩატარდება.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ორგანიზატორები, წელსაც, საოცარი
არომატებითა და გემოებით თავბრუდამხვევ გასტრონომიულ თავგადასავალს
ჰპირდებიან.
"ძველებს უთქვამთ: „კარგი ამბავი ბევრჯერ მოყევი, რომ არავის
გამორჩესო“. ჰოდა ჩვენო ერთგულო, ძველო და ახალო სტუმარო - მოინიშნე,
დაიმახსოვრე, თუნდაც ხელზე დაიწერე, რომ 14 და 15 ივნისს ქუთაისში
გემო ფესტია. ამის გამოტოვება რომ არ შეიძლება, ან გინახავთ ან
გსმენიათ მაინც. ასე რომ შევხვდებით ქუთაისში, ხიბლით სავსე
იმერეთში",- აცხადებენ ორგანიზატორები.
გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა
ადმინისტრაციამ, პროექტი წამოიწყო. იდეა რეგიონებში გასტრონომიული
ფესტივალების „გემო ფესტის“ ჩატარებას გულისხმობს. პირველი „გემო
ფესტი“ რაჭაში, ამბროლაურში, 2022 წლის ზაფხულში გაიმართა.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყონ რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს
პოპულარიზაციას, ახალი გემოებისა და კერძების აღმოჩენას,
გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების და პროდუქტების გაჩენას.
ამასთან, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ გასტრონომიული მიმართულების
განვითარება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა
მოგზაურებისთვის დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორი გახდება და
რეგიონებში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადები გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები