ახალი ამბები
"ვიკრიბებით ჭიათურისთვის"- თბილისში, მაღაროელებს სოლიდარობას გამოუცხადებენ
FaceBook

მოძრაობა "ხმა" ჭიათურელი მაღაროელების მხარდასაჭერად, 25 მაისს, აქციას გამართავს.



საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები, 17:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან და "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, შემოუერთდნენ მაღაროელების სოლიდარობის აქციას.

"ჭიათურა იბრძვის დამშევის, დამცირების და უიმედობის წინააღმდეგ. იბრძვის მასთან სავაჭროდ დატყვევებული მეგობრებისთვის, ვალის და გამოსახლების წინააღმდეგ. იბრძვის მშობლიური ქალაქიდან და ქვეყნიდან იძულებით წასვლის წინააღმდეგ, სამართლიანი შრომითი პირობებისთვის.

ჭიათურა იბრძვის მდინარისთვის, ეკოლოგიური სამართლიანობისთვის. იბრძვის შვილების ჯანმრთელობისთვის, იმისთვის რომ მძიმე შრომა ნიშნავდეს ღირსეულ ცხოვრებას და არა სიღარიბეს.

იბრძვის იმისთვის, რომ რუსულ ენაზე ყვირილი არ იყოს ქართველებთან ურთიერთობის ფორმა. იბრძვის ქართველი და არაქართველი მძარცველების და ძარცვის წინააღმდეგ, ნამდვილი სუვერენულობისთვის და დემოკრატიისთვის.

ჭიათურა იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი რესურსები ჩვენ გვეკუთვნოდეს. იბრძვის მაღაროელების ხელით - ღირსებისთვის, იმედისთვის, კეთილდღეობისთვის. მოდი აქციაზე, ვაჩვენოთ, რომ ჭიათურა მარტო არ არის",- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ჭიათურაში პროტესტის 86-ე დღეა. მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ.

ჭიათურელების მზარდ პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია "ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს, მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.

მაღაროელებს, ამ დროისთვის, სამი მთავარი და დროში სწრაფად გადასაჭრელი მოთხოვნა აქვთ: უკანონოდ დაკავებული 4 თანამებრძოლის გათავისუფლება, 2 თვის ხელფასის ჩარიცხვა და საბანკო პროცენტების განულება. ამასთან, ისინი მთელი პროტესტის განმავლობაში ითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ან მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის ადგილზე ჩასვლას და მათი პრობლემების პირადად მოსმენას, თუმცა უშედეგოდ.

 

Print