ჭიათურელმა მაღაროელებმა, რომლებიც საკვების მიღებაზე თითქმის ერთი
თვეა, უარს ამბობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს.
როგორც მოშიმშილე ირაკლი ჯიქიძე ვიდეო მიმართვაში განმარტავს, ეს
ნაბიჯი გადადგეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ 4 დაკავებული ადამიანის
გათავისუფლებას წაადგება და მათ "ცხოვრებას შეუმსუბუქებს".
როგორც ირაკლი ჯიქიძე ამბობს "სანდო ადამიანისგან" მიიღეს ინფორმაცია,
რომ დაკავებულები მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.
“დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ ოთხივემ, ერთხმად, გადავდგით ნაბიჯი
უკან და შეწყვეტილია შიმშილობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ
ჩვენთან მოვიდა სანდო პიროვნება, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენი
შიმშილობის შეწყვეტა შეეწევა დაკავებული ბიჭების პროცესს. ძალიან დიდი
იმედებია დამყარებული, რომ ისინი თავიანთ ოჯახებს მალე დაუბრუნდებიან
ჯანმრთელები“,- ამბობს მაღაროელი ირაკლი ჯიქიძე.
მისივე თქმით, მშრომელების ბრძოლა კვლავ ჩვეულებრივ რეჟიმში
გაგრძელდება, ოღონდ - შიმშილობის გარეშე.
ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი
და არჩილ ჭუმბურიძე 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც
მაღაროელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის
გამოყენებით წაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის
მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად
დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება
მიაყენეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 9 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
ჭიათურაში პროტესტის 85-ე დღეა. მაღაროელებმა ქუჩის პროტესტი მას
შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანიამ 2024 წლის 1 ნოემბრიდან გაჩერებული
მაღაროების ამუშავებაზე უარი განაცხადა. მშრომელებს აღარ ეძლეოდათ არც
დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება. შემოსავლების გარეშე დარჩენილი
ადგილობრივები, რაიონიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას და
საწარმოების ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. ჭიათურელების მზარდ
პროტესტს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ", რომელმაც ერთი წელია
"ჯორჯიან მანგანეზის" მართვა გადაიბარა, მიწისქვეშა სამუშაოების
გაჩერებით უპასუხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ სამუშაოებს განაახლებს,
მხოლოდ რეორგანიზაციისა და პროტესტის შეწყვეტის შემთხვევაში. პროცესს
კი "საქნახშირის" დირექტორი, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
ამავე თემაზე
"დავტოვეთ ისე შეხვედრა, რომ რამე შედეგზე ვერ
გავედით"- ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება
მაღაროელები მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე
კომპანიისგან პასუხს ელოდებიან
"დიალოგი შედგა, დავაყენეთ სამი სწრაფად გადასაჭრელი
საკითხი"- მაღაროელები კომპანიის ადმინისტრაციასთან
შეხვედრაზე
მაღაროელების მიხეილ სოცკის შეხვედრა - რაზე ისაუბრეს
მხარეებმა
"გადავარჩინოთ ჭიათურა"- მაღაროელების ნაწილი
თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ჩავიდა
მასალის გამოყენების პირობები