ახალი ამბები
იმერეთის პოლიციამ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
FaceBook
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ლატვიის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული ნ.კ. და 1978 წელს დაბადებული გ.გ.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: ნახევარ კილომდე „კოკაინი" და კილოგრამამდე „კეტამინის", „მდმას“ და „მეფედრონის" შემცველი ნივთიერება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print