ახალი ამბები
გალერეას, სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად, მხოლოდ სახურავს შეურემონტებენ
FaceBook
დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში სახურავის რემონტისთვის მერიამ 48 175 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT250008652 ) გამოაცხადა.

ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის სახურავი 2022 წლის ბოლოს ნაწილობრივ გაარემონტეს. შენობაში მაშინ წყალი ჩავიდა და ექსპონატები დააზიანა.

შენობა ამორტიზებულია და საჭიროებს სრულმასშტაბიან რემონტს.

2019 წელს სახელმწიფოს მხრიდან თითქოს იყო ამის მცდელობა.

მაშინ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის პროექტირებაზე  ტენდერი გამოაცხადა.

შეპირების მიხედვით რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმებოდა, როგორც გარე ფასადის, ასევე საგამოფენო სივრცეების განახლება.

გათვალისწინებული იყო მცირე ავტოსადგომის მოწყობაც.

სამუშაოები სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო.

შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "აი ჯი ეიჩ"-ი მუშაობდა. მათ უნდა ჩაეტარებინათ კვლევითი სამუშაოები და შეემუშავებინათ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული კონცეფცია. 

"აი ჯი ეიჩ"-მა პირველი ეტაპი - საკვლევაძიებო სამუშაოები ჩაატარა.  მეორე ეტაპზე კომპანიას პროექტის კონცეფცია მოამზადა.  სწორედ ეს პროექტი დაუწუნეს "აი ჯი ეიჩ"-ს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში მაშინ განმარტავდნენ, რომ კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი კონცეპტ-დიზაინი არ მოიწონა როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტმა. ამ მიზეზით მაშინ გალერეის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სამხატვრო გალერეის დირექტორი ელისო ჩოგოვაძის თქმით სრულმასშტაბიანი რემონტის შესახებ „ჯერჯერობით არაფერი ისმის“. 

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა #8-ში გალერეის შენობა 1976 წელს აშენდა.

კოლექციაში დაცულია ფერწერული (ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, ალ. ციმაკურიძე ქ. მაღალაშვილი, ელ. ახვლედი*ანი, ლადო გუდიაშვილი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, რ. სტურუა), გრაფიკული, სკულპტურული (ბიძინა ავალიშვილი, გ. ნიკოლაძე, ირ. ოქროპირიძე, ს. ყიფიანი, ვ. მიზანდარი, შ. მიქატაძე), გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

გალერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი გალერეაში 18 ექსპონატს აქვს.
Print